თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბევრს მუშაობენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა თურქულ პრესასთან განაცხადა.
„ზელენსკისთან და პუტინთან საუბარში ჩვენმა პრეზიდენტმა წინადადება გამოთქვა ომის დასრულებისა და ორი ლიდერის შეხვედრის თურქეთში გამართვის თაობაზე. ბატონი ზელენსკი ამისთვის მზად არის. ამის საპირისპიროდ, პუტინი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ არ აქვთ მიღწეული საერთო ხედვა სახელმწიფოების მეთაურების დონეზე მოლაპარაკების თაობაზე“, – აღნიშნა ქალინმა.
იბრაჰიმ ქალინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ძირითადი პუნქტები, რომლებზეც ზელენკისა და პუტინს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისი შესაძლებელია და შემდეგ კი, დელეგაციების უფრო დეტალური მოლაპარაკებები შეთანხმებაზე გაგრძელდება.
ქალინის განცხადებით, პუტინმა ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი და უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე; „დემილიტარიზაცია“ და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით; „დენაციფიკაცია“; რუსული ენის ფართო გამოყენებაზე „შეზღუდვების“ გაუქმება; „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების სტატუსი; რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება.
ქალინის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციამ თითქოს განიხილა პირველი ოთხი პუნქტი რუსებთან, მაგრამ მეხუთე და მეექვსე პუნქტებზე მსჯელობისთვის მზად არ არის, ამიტომ თურქეთს აქვს პროგრესის იმედი, თუ შესაძლებელი იქნება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება.
ქალინის განცხადებით, ვერც უკრაინა და ვერც მსოფლიო თანამეგობრობა ვერ დათანხმდებიან რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებაზე, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ძალის პოზიციიდან ცდილობს მოლაპარაკებას, მაგრამ ამავდროულად, ომის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ჯარსა და ეკონომიკას დააზარალებს.
ერთი კვირის წინ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ზელენსკისა და პუტინის პირად მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება.
17 მარტს ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა, მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა მას სთხოვა, რომ ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის პროცესს.
10 მარტს, თურქეთის ინიციატივით ანტალიაში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. თუმცა მოლაპარაკების პროცესში პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.
16 მარტს რუსეთის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმატში უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან.
11 მარტს ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა მსოფლიოს ყირიმის ოკუპაციასა და 2014 წელს დონბასში შეჭრაზე თვალი რომ არ დაეხუჭა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს